ინდივიდუალური ფსიქოდრამა
ასოციაცია „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე“ და ასოციაცია „თბილისის მწვანე სახლი“ ფრანგული ასოციაციის, Espace Analitque-ის საერთაშორისო ქსელთან ერთად აწარმოებს კოლეგების ფორმაციის პროგრამას ინდივიდუალურ ფსიქოანალიტიკურ ფსიქოდრამაში.
პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები:
-
კანდიდატს უნდა ჰქონდეს დასრულებული ფსიქოანალიტიკური ფორმაცია ან უნდა იყოს ფორმაციაში, ე.ი. გადიოდეს პირად ანალიზს Espace Analitque-ის საერთაშორისო ქსელის, ან სხვა რომელიმე ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ანალიტიკოსთან.
-
კანდიდატს უნდა ჰქონდეს წარსულში პირადი ანალიზის გამოცდილება და ამჟამად მონაწილეობას უნდა იღებდეს მწვანე სახლის ან ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის თეორიულ და კლინიკურ აქტივობებში.
ფორმაცია გულისხმობს როგორც თეორიულ სწავლებას (დისტანციურად თუ ადგილზე), ასევე პრაქტიკულ სემინარებსა და კლინიკურ ჯგუფებში მუშაობას ფორმატორი კოლეგების ვიზიტების დროს თბილისში.
ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოდრამის ფორმაციის ქართულ ჯგუფს უხელმძღვანელებენ საფრანგეთიდან ქალბატონი დომინიკ ტურეს-ლანდმანი (Espace Analitque-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი), რომელიც არის ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, ხოლო ბულგარეთიდან (სოფია) ბატონი ვენჩისლავ ვატოვი, რომელიც არის ბულგარეთის ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი (1995 წელი), ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, რომელსაც ჩვენი ასოციაციის წევრი კოლეგების ფორმაციაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოდრამა საფრანგეთში უკავშირდება სალპეტრიერის სკოლას, რომლის ფარგლებშიც სერჟ ლებოვიციმ დააარსა ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოდრამის ცენტრი და კოლეგებთან, რენე დიატკინთან და ეველინ კესტემბერგთან ერთად განავითარა აღნიშნული მეთოდი, რომელიც მოზარდებთან და ბავშვებთან გამოიყენება. ფსიქოდრამა საფრანგეთში უკავშირდება პატრიკ დელაროშის სახელსაც, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში ბულგარელი კოლეგების, მათ შორის ვენჩისლავ ვატოვის ფორმირებაში მიიღო მონაწილეობა.
-
კოლეგები საფრანგეთიდან და ბულგარეთიდან ქართულ ჯგუფს უფასოდ სთავაზობენ ფორმირების პროგრამას, თუმცა ზოგიერთი პრაქტიკული მეცადინეობა ადგილზე ბატონ ვ. ვატოვთან შესაძლოა იყოს ფასიანი ამ სიტყვის სიმბოლური მნიშვნელობით.
-
დაფუძნებული ჯგუფი (პროგრამაში მონაწილე კოლეგები) აიღებს საკუთარ თავზე ფრანგი და ბულგარელი კოლეგების ვიზიტებთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც მოიცავს მგზავრობისა და დაბინავების ხარჯებს. ჯგუფში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ 20-22 მონაწილე. შესაბამისად ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯებს (სასტუმროს ჯავშანი/ან ინდივიდუალური მიღება და მგზავრობა) გაიყოფა მონაწილეთა რაოდენობაზე.
2024 წელს თეორიული სემინარი ვენჩისლავ ვატოვთან ჩატარდა 9 და 10 ნოემბერს, და 7 და 8 დეკემბერს, ხოლო დომინიკ ლანდმანთან 19 და 23 ნოემბერს. 2025 წლის პროგრამა მოიცავს სუპერვიზიას ქალბატონ დომინიკ ტურეს ლანდმანთან თვეში ერთხელ, რამდენიმე სემინარს და მომხსენებლების პირად ვიზიტებს თბილისში ნოემბერის თვეში.
ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოდრამის ფრანგული სკოლის შესახებ მოკლედ იხილეთ აქ:
https://fr.wikipedia.org/wiki/Psychodrame_analytique_individuel
პროგრამას ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრციდან კოორდინაციას უწევს მაია მინაშვილი, ხოლო მწვანე სახლიდან მარიამ გოგრიჭიანი და სოფია მეგრელიძე.
ჯგუფს უძღვებიან
Dominique Tourrès Landman
ქალბატონი დომინიკ ტურეს ლანდმანი არის ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი, პედოფსიქიატრი; სამედიცინო-ფსიქოლოგიურ საგანმანათლებლო ცენტრ (CMPP) დირექტორი და ავრეის დღის საავადმყოფოს დირექტორი. ამჟამად გახლავთ Espace Analytique-ის პრეზიდენტი
Venczeslav Vatov
ბატონი ვენჩისლავ ვატოვი, რომელიც არის ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი. ბულგარეთის ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი (1995 წელი), ამავე ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი